logo
ENG



მსოფლიო ბანკი: მსოფლიოში 24 მილიონამდე ადამიანს სიღარიბე ემუქრება

31 მარ 202013:59
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიო ბანკი ქვეყნებს კორონავირუსით გამოწვევული მძიმე ეკონომიკური შედეგების შესახებ აფრთხილებს. საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტში აცხადებენ, რომ მსოფლიოში 24 მილიონამდე ადამიანს სიღარიბე ემუქრება. ინფიცირებულთა გლობალური მაჩვენებელი უკვე 790 ათასს უახლოვდება, დაღუპულთა საერთო რიცხვმა კი 38 ათასს გადააჭარბა. გარდაცვლილებს დღეს წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს იტალიაში. შეერთებულ შტატების მოსახლეობის თითქმის 8 პროცენტი კი შეზღუდვებით ცხოვრობს. 

ნიუ-იორკის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, „ემფაიარ სტეით ბილდინგი“ სასწრაფო დახმარების მედიკოსების პატივსაცემად გაანათეს. ყველაზე დაძაბული ბრძოლა ექიმებს კოვიდ 19-ის წინააღმდეგ შეერთებულ შტატებში სწორედ ნიუ-იორკში უწევთ. ქალაქი ვირუსის გავრცელების ეპიცენტრია. მხოლოდ ერთ დღეში ნიუ-იორკში 250-ზე მეტი პაციენტი დაიღუპა. შტატის გუბერნატორი სხვა რეგიონებს სთხოვს, დახმარების ხელი გაუწოდონ

მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ სასუნთქ აპარატებს შეერთებულ შტატებში უკვე 10 ამერიკული კომპანია აწარმოებს. განცხადება დონალდ ტრამპმა ყოველდღიურ ბრიფინგზე გააკეთა. პრეზიდენტმა ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრებაც არ გამორიცხა. სოციალური დისტანციის წესების დარღვევისთვის ფლორიდაში სასულიერო პირი დააკავეს. გამოძიების ცნობით, მან ღვთისმსახურება აღავლინა, რომელსაც ლიმიტირებული 10 ადამიანის ნაცვლად, ასობით მორწმუნე ესწრებოდა.

საყოველთაო კარანტინი აღდგომის დღესასწაულამდე გაახანგრძლივეს პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალებულ იტალიაში. ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 11 ათასს აჭარბებს, თუმცა საგრძნობლად შემცირდა ინფიცირების მაჩვენებელი. იტალიაში ბოლო 24 საათში გასული დღის მონაცემებთან შედარებით, ახალი შემთხვევების მხოლოდ 2 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა.

ვითარება დამძიმდა საფრანგეთში. ქვეყანა იმ სახელმწიფოების ხუთეულს შეუერთდა, სადაც ვირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 3 ათასს გადააჭარბა. ერთ დღეში გარდაცვლილთა მაჩვენებელმა საფრანგეთში 16 პროცენტით მოიმატა. ექიმები უკვე იმ არჩევანის წინაშე დგანან, თუ რომელი პაციენტები გადაიყვანონ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. 

რუსეთში თვითიზოლაციის რეჟიმის გამოცხადების შემდეგ სადამსჯელო ზომებიც აამოქმედეს. სათათბირომ სპეციალური კანონპროექტი მიიღო, რომელიც კარანტინის წესების დამრღვევებისთვის და ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის სხვადასხვა სასჯელს ითვალისწინებს. მათ, ვინც წესებს არ დაემორჩილება, შესაძლოა მილიონობით ოდენობის რუბლის ჯარიმასთან ერთად 7 წლიანი პატიმრობაც დაემუქროთ.

​კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში განუსაზღვრელი ძალაუფლება მიანიჭა უნგრეთის საკანონმდებლო ორგანომ პრემიერ-მინისტრს. ვიქტორ ორბანს შესაძლებლობა მიეცა, გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად მიიღოს. 


close დახურვა